ირანში საპროტესტო აქციებს 544 ადამიანი ემსხვერპლა - აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი

ირანი

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 600 აქტივისტია დაკავებული. მედიის ცნობით, უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები მე-15 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა უკმაყოფილება გამოეხატათ ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ირანმა საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ამასთან, დღეს ირანში ხელისუფლების მხარდამჭერების კონტრაქცია გაიმართება. მედიის ცნობით, დემონსტრაცია თეირანის ცენტრში, ენქელაბის მოედანზე, ადგილობრივი დროით, 14:00 საათზე გაიმართება. IRNA-ს ცნობით, აქციის გზავნილი იქნება „მეამბოხეებისა და შეიარაღებული ტერორისტების ქმედებების დაგმობა“.