ირანში აცხადებენ, რომ მის ენერგოობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სრულად გაანადგურებენ

ირანი

ირანი დაიმუქრა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ისა და ისრაელის მოკავშირეების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას „სრულად გაანადგურებენ“, თუ მისი საკუთარი ენერგოობიექტები კვლავ სამიზნე გახდება.

თეირანმა უკვე განახორციელა თავდასხმების ტალღა ნავთობისა და გაზის ობიექტებზე სპარსეთის ყურის რეგიონში მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის კუთვნილ მსოფლიოში უმსხვილესი ბუნებრივი აირის საბადოს - სამხრეთ პარსის ობიექტებს დაარტყა.

„ჩვენ ვაფრთხილებთ მტერს: თქვენ დაუშვით დიდი შეცდომა, როდესაც თავს დაესხით ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. თუ ეს განმეორდება, შემდგომი თავდასხმები თქვენს და თქვენი მოკავშირეების ენერგო ინფრასტრუქტურაზე არ შეწყდება მათ სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ირანის სამხედრო ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა.

მან ასევე დასძინა, რომ ირანის პასუხი იქნება „გაცილებით მკაცრი“, ვიდრე აქამდე განხორციელებული თავდასხმები.

მანამდე თეირანმა კატარისა და ქუვეითის ენერგოობიექტებზე მიიტანა იერიშები, რის შემდეგაც ევროპაში გაზის ფასი 35%-ით გაიზარდა.