ირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება ან ბალისტიკური რაკეტების წარმოება, ომი ბევრად უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე ხალხს ჰგონია - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება ან ბალისტიკური რაკეტების წარმოება, ომი ბევრად უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე ხალხს ჰგონია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ. ისრაელი და შეერთებული შტატები იცავენ მთელ ახლო აღმოსავლეთს და, გავბედავ და ვიტყვი, რომ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვიმარჯვებთ და ირანი განადგურებულია. ირანი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ კამპანია გაგრძელდება იქამდე, „ვიდრე საჭირო იქნება“.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა არ იცის, ვინ მართავს ამჟამად ირანს.

„არ ვარ დარწმუნებული, ვინ მართავს ამჟამად ირანს. მოჯტაბა ხამენეის სახე არ გამოუჩენია“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის რეჟიმის უმაღლეს საფეხურზე მყოფ პირებს შორის „დიდი დაძაბულობაა” და ისრაელი ხედავს ბზარებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის გაზის საბადოზე თავდასხმა დამოუკიდებლად განახორციელა და უარყო ბრალდება, რომ ისრაელმა „აშშ ირანთან კონფლიქტში ჩაითრია.”

„ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ვინმეს შეუძლია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრას, რა გააკეთოს? კარგით. აშშ-ის პრეზიდენტი ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ რა მიაჩნია ამერიკისთვის სასიკეთოდ. ისრაელსა და აშშ-ს მჭიდრო კოორდინაცია აქვთ ირანთან მიმდინარე ომში. ჩვენ ელვისებური სისწრაფით ვაღწევთ მიზნებს. მსოფლიო ძალიან დიდ ვალშია პრეზიდენტ ტრამპის წინაშე“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.