რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
ირანმა ორმუზის სრუტე დახურა. როგორც ირანში აცხადებენ, ნებისმიერ ტანკერს ცეცხლს გაუხსნიან, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება.
მედიის ცნობით, თეირანში ასევე არ გამორიცხავენ სრუტეში ნაღმების გამოყენებასაც, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნაოსნობისთვის.
აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანს 6 000-მდე სხვადასხვა ნაღმის მარაგი აქვს.
ამჟამად, ორმუზის სრუტის მიმდებარედ, 150-მდე ტანკერია ჩარჩენილი, ოთხი მათგანი დაზიანდა, სადაზღვევო კომპანიებმა კი რისკების ანაზღაურებაზე უარი თქვეს.
ორმუზის სრუტის ჩაკეტვა აისახება ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებზეც. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასებმა 10%-ით უკვე მოიმატა, „ბრენტის“ ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარი ფარგლებში მერყეობს. მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო მოსალოდნელია, რომ ფასები კიდევ უფრო აიწევს.
აღსანიშნავია, რომ ორმუზის სრუტე სპარსეთისა და ომანის ყურეებს ერთმანეთთან აკავშირებს და სწორედ აქედან ხდება არა მხოლოდ ირანის, არამედ ერაყის, ქუვეითის, კატარის, გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მიერ მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება, რაც გლობალურად მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ასევე ორმუზის სრუტით ხდება მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორისგან, კატარიდან გათხევადებული აირის ტრანსპორტირებაც, რაზეც 20-25% მოდის.