ირანის ხელისუფლებამ მასშტაბური მიტინგების ფონზე ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა

აქციები ირანში

ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ინტერნეტი გათიშა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ინტერნეტის გათიშვით ირანის ხელისუფლებას არეულობის ჩახშობა სურს.

საპროტესტო გამოსვლები ირანის თითქმის ყველა უმსხვილეს და პატარა ქალაქში მიმდინარეობს. თეირანის მთავარი ბაზრობა კვლავ დაკეტილია. ადამიანები მასშტაბურ ინფლაციას და ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებენ.

თუმცა, როგორც მედია იუწყება, ეკონომიკური მიზეზით დაწყებული მიტინგები პოლიტიკურ გამოსვლებში გადაიზარდა. კერძოდ, მომიტინგეები ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ.

როგორც NBC News-ი იუწყება, ინტერნეტის გათიშვით ხელისუფლებას სურს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გავრცელდეს ისეთი შინაარსის ვიდეო და ფოტოები, რომლებზეც სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ძალადობაა ასახული.