იოჰან ვადეპული: ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე შეტევის განახლება აბსოლუტურად არასწორი გზაა

იოჰან ვადეპული

გერმანიამ და შვედეთმა ისრაელი ქალაქ ღაზაში დაწყებყლი სახმელეთო შეტევის გამო გააკრიტიკეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ისრაელის ქმედებებს „აბსოლუტურად არასწორი“ უწოდა და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

„ქალაქ ღაზაზე შეტევის განახლება აბსოლუტურად არასწორი გზაა“, – განაცხადა ვადეპულმა შვედ კოლეგასთან, მარია მალმერ სტენერგარდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, ისრაელის ნაბიჯი სტენერგარდმაც გააკრიტიკა.

„შვედეთში უკიდურესად შეშფოთებული ვართ. თავიდანვე, როდესაც ეს გეგმა წარადგინეს, ნათლად განვაცხადეთ, რომ ძალის გამოყენებით ტერიტორიის ნებისმიერი შეცვლა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა. უკიდურესად შეშფოთებული ვართ ღაზაში არსებული ვითარებით“, – აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზაში სახმელეთო შეტევა დაიწყეს. ამ დროისთვის ისრაელი ქალაქის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს.