1790161182
იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ტრამპის მოწოდების მიუხედავად, გერმანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებას არ აპირებს – „ამ მოწოდებას დიდად ვერ ვიგებ“
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეპულის განცხადებით, დონალდ ტრამპის მოწოდების მიუხედავად, გერმანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებას არ აპირებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მნიშვნელოვანი ინსტიტუტია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებთ. სიმართლე გითხრათ, ამ მოწოდებას დიდად ვერ ვიგებ“, – განაცხადა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო „წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ნაწილია, რომელიც ჩვენმა სამყარომ საკუთარი თავისთვის შექმნა“.
„ის ჩვენი ცივილიზაციის ისტორიის ნაწილია. ის ხელისუფლების დანაწილების, კანონის უზენაესობისა და ჰუმანიზმის დაცვის პრინციპებს განასახიერებს. სწორედ ამიტომ სრულიად ცხადია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“, – აღნიშნა ვადეპულმა.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) გააკრიტიკა და მას „ანტიამერიკული ტრიბუნალი“ და „ბოროტი ჯგუფი“ უწოდა, ხოლო ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ორგანიზაცია. მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები მოამზადა და მათი გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება.











