იაპონიაში 100 წელს გადაცილებულ მცხოვრებთა რაოდენობის ახალი რეკორდი დამყარდა

იაპონიაში 100 წელს გადაცილებულ მცხოვრებთა რაოდენობის ახალი რეკორდი დამყარდა

იაპონიაში 100 წელს გადაცილებულ მცხოვრებთა რაოდენობამ 100 ათასს პირველად გადააჭარბა. ქვეყნის მოსახლეობის დაბერების შესახებ ახალი სტატისტიკური მონაცემები მთავრობამ ყოველწლიურ „ხანდაზმულთა პატივისცემის დღესთან“ დაკავშირებით გამოაქვეყნა.

იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 100 წელს გადაცილებულ მცხოვრებთა რაოდენობა ზედიზედ 56 წელია იზრდება. სექტემბრის მდგომარეობით, იაპონიაში 100 წელზე უფროსი ასაკის 107 677 ადამიანი ირიცხება. ამ რიცხვმა​ 100-ათასიან ნიშნულს იაპონიის ისტორიაში პირველად გადააჭარბა. 100 წელს გადაცილებულ მცხოვრებლებს შორის 94 298 ქალია, 13 379 კი კაცი.

ქვეყანაში ყველაზე ხანდაზმული ქალია 114 წლის ფუიო კიშიმოტოა, ყველაზე ხანდაზმული კაცი კი 112 წლის ჰიკარუ კატო.

იაპონიაში ასწლოვან მოსახლეთა რაოდენობის შესახებ მონაცემების აღრიცხვა 1963 წელს დაიწყო. ასეთ მცხოვრებთა რაოდენობამ ათასს პირველად 1981 წელს გადააჭარბა, 10 ათასს - 1998 წელს, 50 ათასს კი 2012 წელს.

მონაცემების თანახმად, სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა იაპონიაში ქალებისთვის 87,3 წელს, კაცებისთვის კი 81,3 წელს შეადგენს.