1692302192
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ეგვიპტეში ღაზის სამშვიდობო ხელშეკრულების ოფიციალურ ხელმოწერაში მონაწილეობას არ მიიღებს

დაჯგუფება „ჰამასი“ მონაწილეობას არ მიიღებს ღაზის სამშვიდობო ხელშეკრულების ოფიციალურ ხელმოწერაში, რომელიც 13 ოქტომბერს ეგვიპტეშია დაგეგმილი, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს წევრმა, ჰოსამ ბადრანმა გააკეთა განცხადება.
მისივე თქმით, „ჰამასი“ მოლაპარაკებების პროცესში კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების მეშვეობით იყო ჩართული.
ამასთან, მედიის შეფასებით, ეს ნაბიჯი მიუთითებს დაჯგუფების განზრახვაზე, დიპლომატიური ყურადღების მიღმა დარჩეს.
აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ წარმომადგენლებმა ასევე უარყვეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმის მთავარი პუნქტი, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლების განიარაღებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ღაზას სექტორში ომის დასრულების მიზნით, 13 ოქტომბერს ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.