გვსურს, ევროპას პატივი სცენ - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

გვსურს, რომ ევროპას პატივი სცენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა უნდა იყოს თავისუფალი და მოითხოვოს პატივისცემა.

ამასთან, მაკრონმა ისაუბრა ევროკავშირისთვის ფხიზლად ყოფნის მნიშვნელობაზე.

„ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს არაფორმალურ შეხვედრას ვატარებთ, რათა ვაჩვენოთ ევროპელების ერთიანობა დანიის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. ასევე ვაღიაროთ, რომ ევროპა როდესაც ერთიანი, ძლიერია და სწრაფად რეაგირებს, ყველაფერი ნორმალურ და მშვიდ რიტმს უბრუნდება. კვირა დავიწყეთ ერთგვარი ესკალაციით, მუქარით, შემოჭრის მუქარითა და ტარიფების მუქარით და მოხარული ვარ, რომ დავუბრუნდით ვითარებას, რომელიც ჩემთვის ბევრად მისაღები ჩანს. დასკვნა, რომელიც უნდა გამოვიტანოთ, არის, რომ ევროპა როცა რეაგირებს ერთიანი გზით, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით და როდესაც მას საფრთხე ემუქრება, შეუძლია, პატივისცემა დაიმსახუროს, რაც ძალიან კარგია. უკიდურესად მშვიდი და თანმიმდევრული ვარ. ცხრა წლის განმავლობაში თქვენ გესმით, როგორ ვსაუბრობ ევროპის დამოუკიდებლობაზე, ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე ყველგან. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინაში, ამას ვაკეთებთ პალესტინისთვის, ამას ვაკეთებთ დანიისთვის. ჩვენ პროგნოზირებადები ვართ. უბრალოდ, გვინდა, რომ საფრანგეთს პატივი სცენ, გვინდა, ევროპას პატივი სცენ“, – განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება უკრაინაში არსებული ვითარების განსახილველად.

„შეხვედრა ასევე კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ განვიხილოთ უკრაინაში არსებული სიტუაცია, როგორც ჩვენი მოკლევადიანი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, ასევე უსაფრთხოების გარანტიების დაგეგმვა, რომლებზეც რამდენიმე კვირის წინ, პარიზში შევთანხმდით. ვფიქრობ, ამ მხრივაც ეს კარგი გზაა გაერთიანებისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.