გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პრეზიდენტი პუტინი თუ ფიქრობს, რომ დროის გაწელვა შეუძლია, ცდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

პრეზიდენტი პუტინი თუ ფიქრობს, რომ დროის გაწელვა შეუძლია, ცდება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ზაგრებში, ხორვატ კოლეგასთან, გორდან გრლიჩ-რადმანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვადეპულოს თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს, სწორედ ამიტომ ამზადებს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა პუტინზეა დამოკიდებული, დაამტკიცოს, რომ ნამდვილად მზადაა, იმუშაოს უკრაინაში ომში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.

„როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს“, – განაცხადა ვადეპულმა და აღნიშნა, რომ კიევმა უკვე გადადგა ნაბიჯი წინ, როდესაც დათანხმდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

„ერთი რამ ცხადია: უკრაინელების გარეშე არანაირი მოლაპარაკებები არ ჩატარდება. ეს ჩვენი საერთო ევროპული დაპირებაა. უკრაინას შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის გაწევას“, – განაცხადა ვადეპულმა.

თავის მხრივ, გრლიჩ-რადმანმა აღნიშნა, რომ ხორვატია მხარს უჭერს მშვიდობას საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის გარეშე.