წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1782845708
გერმანიამ და ნიდერლანდებმა ესტონეთში NATO-ს ახალი სამხედრო სარდლობის ცენტრი გახსნეს. ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს ესტონეთის ქალაქ ვალგაში, რომელიც ლატვიის საზღვარზე მდებარეობს.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ გერმანიის, ნიდერლანდების, ასევე, ესტონეთისა და ლატვიის თავდაცვის მინისტრები.
„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ოფიციალურად გადავცეთ მრავალეროვნული კორპუსის ჩრდილო-აღმოსავლეთის პასუხისმგებლობა პირველ გერმანულ-ნიდერლანდურ კორპუსს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სამხედრო პროტოკოლი. ეს არის NATO-ს ერთიანობის, მზადყოფნისა და ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილების თვალსაჩინო, ძლიერი დემონსტრირება, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
ახალი სამეთაურო ცენტრი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილის ტაქტიკური შტაბის ფუნქციას შეასრულებს. პირველი გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსი უხელმძღვანელებს ესტონეთსა და ლატვიაში განლაგებულ NATO-ს ყველა ძალას, ასევე, ამ ქვეყნების ეროვნული არმიების შესაბამის ქვედანაყოფებს.
შტაბი უხელმძღვანელებს სამხედრო წვრთნების დაგეგმვასა და მართვას, მოემზადება პოტენციური საფრთხეებისთვის და კოორდინაციას გაუწევს რეგიონის დაცვას რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში. მეორე სამეთაურო ზონის შექმნა ალიანსს საშუალებას აძლევს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მეტი ჯარი განათავსოს. NATO-მ განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა, შესაძლოა, მოკავშირეთა ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა 2029 წელს განახორციელოს, თუ ის ამჟამინდელი სახით შეიარაღებას გააგრძელებს. კრემლმა ასეთი გეგმები უარყო.