წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773866558
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უწმინდესმა იგნატიუს აფრემ II-მ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს, წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს ოფიციალური წერილით მიმართა.
"აღდგომის გამარჯვებული იმედით მივიღეთ ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის უფლისმიერი განსვენების შესახებ. ქრისტეს ვენახში ათწლეულების განმავლობაში თავდადებული მოღვაწეობის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ აღასრულა წმინდა მსახურება, როგორც ერთგულმა მწყემსმა და საღვთო საიდუმლოთა კეთილგონიერმა განმგებელმა. განსაცდელებისა და გარდაქმნების პერიოდში იგი ურყევად მოწმობდა ღვთის ცოცხალ მყოფობას და საკუთარ სამწყსოს სულიერი გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულო სიმტკიცით წინამძღოლობდა. იგი ეკლესიის წიაღში მოთმინებისა და ერთგულების ნათელ მაგალითს წარმოადგენდა.
"ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი". (2 ტიმოთე 4:7-8).
ამ კურთხეული სასოებით, მის სულს ქრისტეს მოწყალებას მივაბარებთ და გვწამს, რომ კეთილმა მწყემსმა, რომელსაც იგი ერთგულად ემსახურებოდა, თავის საუკუნო სასუფეველში მიიღო.
ანტიოქიის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და ჩვენი მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, წმინდა სინოდსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
შევთხოვთ უფალს, რათა დაამკვიდროს თავისი ერთგული მსახურის სული მართალთა სავანეში. ინებოს უფალმა საქართველოს ეკლესიის, მისი სამღვდელოებისა და მრევლის ნუგეშისცემა, საღვთო მადლით განმტკიცება, შევთხოვთ უფალს, დაიცვას საქართველოს ეკლესია ერთობასა და მშვიდობაში და მარად წინამძღოლობდეს მას ხსნისა და ჭეშმარიტების გზაზე"", - წერს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი სამძიმრის წერილში.