1787602102
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
„რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება“, - განაცხადა მელნიკმა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით ტერორის კამპანია განზრახ დაიწყო, რადგან „ჩვენი ქვეყანა საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტს წააწყდა“.
„პუტინმა კაცობრიობის თანამედროვე ისტორიაში ბალისტიკური ტერორის ყველაზე ცინიკური და სასტიკი კამპანია წამოიწყო, როდესაც იერიშები განზრახ მიაქვს მშვიდობიან მოსახლეობაზე მთელი უკრაინის მასშტაბით“, - აღნიშნა მან.
აღნიშნული სიტუაციის კომენტირებისას, მელნიკმა მას „ისტორიაში ყველაზე საშინელი და ამაზრზენი აბსურდის თეატრი“ უწოდა. მან ეს იმით ახსნა, რომ უკრაინა ევროპული სახელმწიფოა, თუმცა მთელი საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ, ქვეყანა ყოველდღიურად დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების დარტყმების ქვეშ იმყოფება.
„და ერთადერთი, რისი უნარიც, როგორც ჩანს, საერთაშორისო საზოგადოებას შესწევს - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და, საუკეთესო შემთხვევაში, იმ ომის დანაშაულებებისა თუ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაგმობაა, რომლებსაც რუსეთი უზარმაზარი მასშტაბით ჩადის“, - დასძინა მუდმივმა წარმომადგენელმა.










