„გადაარჩინეთ ფოტოები“ - ესპანელმა სპეციალისტებმა წყალდიდობისგან დაზარალებული ოჯახების ფოტოალბომების აღდგენა დაიწყეს

გადაარჩინეთ ფოტოები

ვალენსიის უნივერსიტეტის ფოტორესტავრატორებმა წყალდიდობისგან დაზარალებული ოჯახების ფოტოალბომების აღდგენა დაიწყეს, - იუწყება Reuters-ი.

ამ ინიციატივის სახელწოდებაა „გადაარჩინეთ ფოტოები“. ფოტორესტავრატორებს სურთ წყალდიდობისგან დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარონ ფირზე აღბეჭდილი მოგონებების შენარჩუნებაში.

სპეციალისტების თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც წყალდიდობის გამო ყველაფერი დაკარგეს ძალიან მადლობლები არიან, რადგან მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ საოჯახო ალბომები. ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან მათი საყვარელი ადამიანები. ზოგიერთი მათგანი უკვე ცოცხალიც კი არ არის.

წყალდიდობისგან დაზარალებული ესპანელების თქმით, ავეჯის, სახლის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ მათთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი საოჯახო ფოტოებია.

ესპანეთის ქალაქი ვალენსია დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, რომელიც ძლიერი წვიმების შედეგად განვითარდა, ჯერ კიდევ სტიქიის შედეგებს ებრძვის.

სტიქია რეგიონს ოქტომბრის ბოლოს დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. კიდევ 100 დღემდე დაკარგულად ითვლება.

წინა უქმეებზე ვალენსიაში საპროტესტო აქცია ჩატარდა, რომელზეც ასი ათასამდე ადამიანი მივიდა. ისინი რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელის კარლოს მასონის გადადგომას მოითხოვდნენ.