ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვა „უხეში არალოიალურობის აქტია“

ფრიდრიხ მერცი

 გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვა „უხეში არალოიალურობის აქტია“.

მერცის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას სთხოვეს, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინისთვის დაპირებული სესხის გადახდის შესაძლო გზები მოძებნოს.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ არ შეგვიძლია, შევეგუოთ იმას, რაც დღეს ევროპულ საბჭოში მოხდა. ამას ექნება შედეგები, რომლებიც ბევრად სცდება ამ ერთ შემთხვევას“, – განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, აღნიშნულმა ნაბიჯმა ევროკავშირის შიგნით სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.

„ეს არის ევროკავშირში უხეში არალოიალურობის აქტი, რომლის მსგავსი, როგორც ჩემზე გამოცდილმა კოლეგებმა თქვეს, აქამდე არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, ეს ღრმა კვალს დატოვებს“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს კავშირის ეფექტიანობას.

„ეს არის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთგულების უხეში დარღვევა და აზიანებს ევროკავშირის მოქმედების უნარსა და მის რეპუტაციას. ვთხოვეთ კომისიას, შეისწავლოს შესაძლო გზები, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ამ სესხის გამოყოფა, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა არ გამორიცხა, რომ უნგრეთის პოზიცია შიდა პოლიტიკურ ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული.

„შესაძლოა, უნგრეთში არსებული შიდა პოლიტიკური მიზეზები განაპირობებდეს პრემიერ-მინისტრის ამ ნაბიჯს. შესაძლოა, დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდეს სესხის გამოყოფა. ამასობაში, ჩვენ ვეცდებით, დავეხმაროთ უკრაინას არსებული რესურსებით. თუმცა, ვიმედოვნებთ, გონიერება გაიმარჯვებს და ერთ დღეს ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ამ სესხის გაცემას“, – განაცხადა მერცმა.