ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს

მერცი

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ამასთან, მერცის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამტკიცდეს.

„ჩვენ არ უნდა ვითვალისწინებდეთ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას, რომელიც ახლა შიდაპოლიტიკური მიზეზებისა და იქ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის გამო ამ ბლოკადას ქმნის ევროპაში“, – განაცხადა მერცმა.

როგორც გამოცემა წერს, გერმანიის კანცლერმა უნგრეთი იგულისხმა, სადაც აპრილში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

მანამდე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი განაგრძობს სანქციების მე-20 პაკეტისა და 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვას იქამდე, ვიდრე კიევი „დრუჟბას“ ტრანზიტს არ განაახლებს.