ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის მიმდინარე პროექტი კიდევ უნდა შემცირდეს

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის მიმდინარე პროექტი კიდევ უნდა შემცირდეს.

ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა აღნიშნა,  რომ ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე იმედოვნებს, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ ეს მოხერხდება.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ორი მიდგომა არსებობს: უფრო მცირე ჯგუფი, რომელშიც გერმანიაც შედის, ბიუჯეტის მნიშვნელოვან შემცირებას მოითხოვს, უფრო დიდი ჯგუფი კი ბიუჯეტის კიდევ უფრო გაზრდას ემხრობა.

„ყველამ უნდა გავატაროთ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია საკუთარ ქვეყნებში. უბრალოდ მიუღებელია, რომ ამავე დროს ევროპული ბიუჯეტი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდოს“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ევროპას სურს და უნდა დაეხმაროს უკრაინას ზამთრის განმავლობაში.

„გასულ წელს 90 მილიარდი ევრო გამოვყავით 2026 და 2027 წლებისთვის. ვიცით, რომ ეს ფული არ იქნება საკმარისი. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას და ამას ჩვენივე, ევროპული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. ეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ არის. ეს არის თავდასხმა მთელ ევროპაში პოლიტიკურ წესრიგზე, რომელსაც ჩვენ ვიცავთ“, – განაცხადა ფრიდრიხ  მერცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთში იმ ობიექტებზე დარტყმა, რომლებიც რუსეთის მთავრობასა და არმიას ომის წარმოებაში ხელს უშლის, „სავსებით გონივრული და გასაგებია“.

✕