Financial Times: საუდის არაბეთი ირანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის არათანმიმდევრული პოზიციით იმედგაცრუებულია

საუდის არაბეთი

ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონის მოკავშირე სპარსეთის ყურეში მიყენებული ზიანის მასშტაბებით შეშფოთებულია. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთი სულ უფრო იმედგაცრუებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არათანმიმდევრული პოლიტიკით ირანთან დაკავშირებით, მათ შორის მისი მუქარებით ირანული ელექტროსადგურების დაბომბვის გამო.

საუდის არაბეთი შეშფოთებულია აგრეთვე იმით, რომ ტრამპი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა კონფლიქტში ფული უნდა ჩადონ. გარდა ამისა, ერ-რიადი შეშფოთებულია თეთრი სახლის ლიდერის მიერ სამეფოს მონარქის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო.

საუდის არაბეთის საკითხებზე მომუშავე ექსპერტის, ნილ ქუილიამის განცხადებით, ოფიციალური ერ-რიადი „თეთრი სახლით იმედგაცრუებულია“. არადა სამეფომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი სახსრები გაიღო აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში.

საუდის არაბეთის შეშფოთება აგრეთვე გაძლიერდა იმის ფონზე, რომ ტრამპმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა თავად იფიქრონ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, რომელიც ირანის მიერ არის ჩაკეტილი. ამასთან ერთად, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ გარიგებას ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე დადებს.

„ისინი უკიდურესად იმედგაცრუებულნი არიან ტრამპის დამოუკიდებელი მოქმედებებით, შედეგების წინასწარი გათვლის სურვილის არქონით, ხოლო ყველაფერი დაგვირგვინდა მისი კომენტარით მემკვიდრე პრინცზე, მუჰამედ ბინ სალმანზე“, - განაცხადა ქუილიამსმა.

ცნობისთვის, ტრამპმა რამდენიმე დღის წინ მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ლიდერები შეაქო. მან პრინცს „დიდი მეგობარი“, „გამარჯვებული“ და „მეომარი“ უწოდა. მაგრამ 20 წუთის შემდეგ განაცხადა: „მას [მუჰამედ ბინ სალმანს] არ ეგონა, რომ უკანალზე მაკოცებდა. მას ეგონა, რომ მე მორიგი წარუმატებელი ამერიკელი პრეზიდენტი ვიქნებოდი, რომლის ქვეყანა დაბლა მიექანება, მაგრამ ახლა ის ჩემთან თავაზიანი უნდა იყოს“.