1767110152
„ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად ფორმირდება. ჩვენ თვალწინ, მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა ხდება“ - ემუქრება თუ არა შვეიცარიელ ჟურნალისტს როჯერ კეპელს ევროკავშირის სანქციები
ევროკავშირის სანქციები, როჯერ კეპელის საქმე და სიტყვის თავისუფლების ნაღმების ველი. შვეიცარიული ყოველკვირეული გაზეთის Die Weltwoche-ის მთავარი რედაქტორი როჯერ კეპელი, შესაძლოა, მალე ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს.
ბრიუსელის მხრიდან ეს გამოხატვის თავისუფლებაზე კიდევ ერთი თავდასხმა იქნება, წერს გერმანული Berliner Zeitung-ი.
მანამდე, გერმანულ გამოცემა WELT-ზე როჯერ კეპელის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ის ბრიუსელის მიერ ევროპული ღირებულებების ღალატსა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობაზე საუბრობს. ავტორმა აღნიშნა, რომ ის სულ უფრო მეტად ხედავს ევროკავშირს, როგორც საფრთხეს ევროპისათვის - ბევრად უფრო დიდს, ვიდრე ჩინეთს ან რუსეთს.
"ჩემი უმნიშვნელო, მოკრძალებული შვეიცარიული პერსპექტივიდან, ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად გარდაქმნის გზაზე დგას. მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ, დღისით-მზისით“- აცხადებს კეპელი.
ის სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ევროკავშირი მას შემდეგ დამახინჯდა, რაც სანქციების ბოლო სია გამოაქვეყნა, რომელშიც შვეიცარიის მოქალაქეც მოხვდა.
მისივე თქმით, მხოლოდ დიქტატორები და ავტოკრატიული მმართველები სჯიან განსხვავებულ აზრს.
როგორც კეპელი აღნიშნავს, შვეიცარიის მოქალაქის სანქცირება ვლადიმერ პუტინის საომარი მანქანის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისი რეალური მიზანია ევროკავშირის მრავალი მოქალაქის დაშინება, რომლებიც აღარ ეთანხმებიან საკუთარი მთავრობების პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით, მიესალმებიან აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესს და სურთ, რომ ევროკავშირმა ხელი შეუწყოს მას, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ძირს უთხრიდეს.
გერმანელმა იურისტმა და ბიზნესსამართლის პროფესორმა ვიქტორ ვინკლერმა შვეიცარიელ გამომცემელსა და პუბლიცისტ როჯერ კეპელს გახმაურებულ ინტერვიუში ურჩია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ევროკავშირს. ამ სასწრაფო მიმართვის მიზეზი არის ის რეალური საფრთხე, რომ Die Weltwoche-ს მთავარი რედაქტორი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს.











