ესტონეთი რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე გადამწყვეტი რეაგირებისთვის მზად არის და მოსკოვს ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს, შეუძლიათ, გამოგვცადონ - მარგუს ცაჰკნა

მარგუს ცაჰკნა

ესტონეთი რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე გადამწყვეტი რეაგირებისთვის მზად არის და მოსკოვს ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ პოლონურ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ესტონეთი ყურადღებით აკვირდება სასაზღვრო ზონაში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით, ქალაქ ნარვასთან, რომელიც აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის პირველ სავარაუდო სამიზნედ ითვლება.

„პირდაპირ ვიტყვი – თუ „პატარა მწვანე კაცუნები“ ოდესმე ჩვენ საზღვარს გადაკვეთენ, ჩვენ მათ ვესვრით. შედეგები იმდენად მძიმე იქნება, რომ განსახილველი არაფერი იქნება. რუსეთი თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ ჩვენ ნამდვილად ვუპასუხებთ, შეუძლიათ,  გამოგვცადონ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაშიც იგივე მოხდება და 19 სექტემბრის ინციდენტი გაიხსენა.

„თუ დავინახავთ, რომ რუსული გამანადგურებლები საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენ მათ ჩამოვაგდებთ. ეს წითელი ხაზია და პუტინს ეს უნდა ახსოვდეს. მან უნდა იცოდეს, რომ ეს ნატო-ს ტერიტორიაა და აგრესიის შედეგები დაუსჯელი არ დარჩება,“ – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, „ევროპა პუტინს აბსოლუტურად ვერ ენდობა“.

მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხებათ, რომლებსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ.