1788256709
ერდოღანი: ჩვენ გვსურს, კასპიის ზღვის გადამკვეთი შუა დერეფნის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივასთან იყოს თავსებადი
ჩვენ გვსურს, რომ კასპიის ზღვის გადამკვეთი შუა დერეფნის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივასთან იყოს თავსებადი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბიშკეკში მიმდინარე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი შეეცდება თანამშრომლობის გაღრმავებას „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (SCO), რომელსაც მან „ამომავალი ვარსკვლავი“ უწოდა.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს 3.5 მილიარდ ადამიანს და 35 ტრილიონ დოლარს მთლიან შიდა პროდუქტში, მრავალპოლარული წესრიგის შეუცვლელი ელემენტია“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის მტკიცებით, თურქეთი იღებს პასუხისმგებლობას კონფლიქტების დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოგვარებაზე და გააგრძელებს მუშაობას მთელ მსოფლიოში მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის.
„ჩვენ გვჯერა, რომ ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არა მხოლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, არამედ უსაფრთხო სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში და ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც“, – განაცხადა ერდოღანმა.









