გურჯაანი-ბაკურციხის გზაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია
1761076740
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კომენტარს არ გააკეთებს ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დაპატიმრებაზე, რადგან, როგორც პრეზიდენტს, ამის უფლება არ აქვს.
აღნიშნულის შესახებ მაკრონმა სლოვენიაში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა.
„თქვენ ვერ იხილავთ ჩემგან აქ ვერანაირ კომენტარს. ჩემს პოზიციაზე ყოფნისას, არ მაქვს უფლება, გავაკეთო კომენტარი ან გავაკრიტიკო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები. მე ვარ ჩვენი ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირების გარანტორი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა ბუნებრივი უწოდა იმას, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების საკითხი საფრანგეთის მოქალაქეების მხრიდან დისკუსიას იწვევს. მაკრონმა ამას დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერი დისკუსია უწოდა.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვასხვაოთ ემოციები, პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს თითოეული ადამიანი და მართლმსაჯულების შესაბამისი ფუნქციონირება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში სასჯელის მოხდა დღეიდან დაიწყო. პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ იგი სხვა ბრალდებაში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. სარკოზის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სააპელაციო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.