"ეკიპაჟმა კაბინაში კვამლის შესახებ განაცხადა" - "ნიუარკ ლიბერთის" აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულმა დაშვებამ მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია​

ბორტი

აშშ-ში, "ნიუარკ ლიბერთის" საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია JetBlue-ს თვითმფრინავი ძრავის პრობლემის გამო ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც ფრენები დროებით შეჩერდა.

აღნიშნულმა აეროპორტში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.

"Airbus A320 ფლორიდაში, პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართებოდა და აფრენიდან მალევე, ეკიპაჟმა ძრავის პრობლემის შესახებ განაცხადა", - ნათქვამია ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) განცხადებაში იმ რეისთან დაკავშირებით, რომელმაც აეროპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

"მას შემდეგ, რაც JetBlue-ს 543-ე რეისი "ნიუარკ ლიბერთის" საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა და ასაფრენი ბილიკიდან გავიდა, ეკიპაჟმა კაბინაში კვამლის შესახებ განაცხადა და მგზავრების ავარიული ევაკუაცია განახორციელა", - ათნიშნულია იმავე განცხადებაში.

აეროპორტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი დროით 19:07 საათისთვის, "ნიუარკ ლიბერთის" აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.