1771531835
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო იყო შემოღებული. შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება 2014, 2018 და 2022 წლებში მიღებულ შეზღუდვებს, რომლებიც უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდება.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ განკარგულებებში აღწერილი ქმედებები და პოლიტიკა კვლავ წარმოადგენს „არაორდინალურ და განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.
„მე ვაგრძელებ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 1 წლით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სანქციების გაგრძელება ხდება უკრაინის საკითხზე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, სადაც ვაშინგტონი შუამავლის როლს ასრულებს.
თეთრი სახლის ეს ნაბიჯი დაემთხვა მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც 17–18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები დიალოგის პროცესში არიან ჩართულნი, აშშ-ის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე საჭიროდ მიიჩნევს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების შენარჩუნებას.











