დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინზეა დამოკიდებული, რას იზამს ჩინეთი ტაივანთან დაკავშირებით, თუმცა „ძალიან უკმაყოფილო“ იქნება სტატუს კვოს შეცვლით

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინზეა დამოკიდებული, რას იზამს ჩინეთი ტაივანთან დაკავშირებით, თუმცა ის „ძალიან უკმაყოფილო“ იქნება სტატუს კვოს შეცვლით.

როგორც მედია წერს, ტრამპმა ისაუბრა იმ კონტექსტში, რა გაკვეთილების გამოტანა შეუძლია სი ძინპინს ვენესუელაში ტრამპის თამამი სამხედრო ოპერაციისგან.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ტაივანი ჩინეთისთვის იმავე ტიპის საფრთხეს არ წარმოადგენს, რასაც, ტრამპის თქმით, ნიკოლას მადუროს მთავრობა შეერთებული შტატებისთვის ქმნიდა.

ამასთან, დონალდ ტრამპის აზრით, სი ძინპინი მისი პრეზიდენტობის დროს, რომელიც 2029 წელს მთავრდება, ტაივანის წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადადგამს.

„ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს და მისი გადასაწყვეტია, რას გააკეთებს, მაგრამ ვუთხარი, რომ ძალიან უკმაყოფილო ვიქნებოდი, თუ ამას გააკეთებდა. არა მგონია, ეს გააკეთოს, იმედი მაქვს, არ გააკეთებს. შესაძლოა, ეს სხვა პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გააკეთოს, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს გააკეთებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.