დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ძალაუფლება მხოლოდ მისივე „საკუთარი მორალით“ არის შეზღუდული

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ძალაუფლება მხოლოდ მისივე „საკუთარი მორალით“ არის შეზღუდული. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ნიუ იორკ თაიმსთან“​ ინტერვიუში კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა მის გლობალურ ძალაუფლებაზე, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, არის ერთი რამ. ჩემი საკუთარი მორალი. ჩემი საკუთარი გონება. ეს ერთადერთია, რამაც შემიძლია, შემაჩეროს“.

„მე არ მჭირდება საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თავად იქნება არბიტრი იმის გადაწყვეტისას, თუ როდის გავრცელდება საერთაშორისო სამართლის შეზღუდვები შეერთებულ შტატებზე.

„ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია საერთაშორისო სამართლის თქვენეული დეფინიცია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.