მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1783877073
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს „მავნე კიბერქმედებების“ გამო სანქციები დაუწესეს.
„ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გმობენ რუსეთის მავნე კიბერქმედებებს და იმ კიბერეკოსისტემის გამოყენებას, რომელიც აერთიანებს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურებს, დაზვერვის სამსახურებიდან დაწყებული, კიბერდამნაშავეთა ჯგუფებით, ჰაკტივისტებითა და კერძო კომპანიებით დასრულებული“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ბრიუსელის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-16 ცენტრი აკონტროლებს კიბერდამნაშავეთა არაერთ დაჯგუფებას, მათ შორის TURLA-ს. ევროკავშირის მტკიცებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა კიბერშეტევებს ევროკავშირისა და მისი პარტნიორების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, აღწევდა სამთავრობო ქსელებში და ახდენდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟს.
განცხადების თანახმად, 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-16 ცენტრი საფრანგეთში სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ კიბერჯაშუშობით იყო დაკავებული, ხოლო 2025 წლიდან ამავე საქმიანობას ახორციელებდა თავდაცვითი მრეწველობის წინააღმდეგ. გერმანიაში ცენტრის სამიზნე სახელმწიფო ინსტიტუტები იყო, ხოლო პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის თბოელექტროსადგურები.
„ეს სანქციები დაარტყამს კიბერდამნაშავეთა იმ ქსელების ბირთვს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო აგრესიას უწყობენ ხელს. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მკაფიო სიგნალს უგზავნიან მოსკოვს, რომ ის ვეღარ შეძლებს მსგავსი შუამავალი ჯგუფების გამოყენებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს ვიაჩესლავ სტაფეევს, ივან სენინსა და ივან კასიანენკოს. ევროკავშირის შავ სიაში კი მოხვდა ცხრა ფიზიკური პირი და ოთხი კომპანია, მათ შორის ივან კასიანენკო.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთი კიბერშეტევებში დაადანაშაულა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. რუსეთის ელჩის დაბარების შესახებ განაცხადეს საფრანგეთშიც.