Deutsche Welle: გერმანიის ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო სადავო ფრანგულ-რუსულ ბირთვულ პროექტს ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე

Deutsche Welle

გერმანიის ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო სადავო ფრანგულ-რუსულ ბირთვულ პროექტს ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

ქვემო საქსონიის გარემოს დაცვის სამინისტრომ, ფედერალური მთავრობის სახელით, ქალაქ ლინგენში მდებარე კომპანია Advanced Nuclear Fuels GmbH (ANF)-ის ქარხანას ნებართვა მისცა, სახელმწიფო კორპორაცია „როსატომთან“ პარტნიორობით აწარმოოს რუსული სტანდარტის საწვავის კასეტები.

ფრანგული სახელმწიფო კონცერნ Framatome-ის შვილობილმა კომპანია ANF-მა ახალი საწარმოო ხაზის ექსპლუატაციის ნებართვაზე განაცხადი 2022 წლის მარტში - რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრიდან სულ რამდენიმე კვირაში - შეიტანა.

ატომური ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი ახალი თბოგამყოფი კასეტების გამოშვება „როსატომის“ შვილობილი რუსული კომპანია „ტველის“ (ТВЭЛ) ლიცენზიით იგეგმება. მათი გამოყენება შესაძლებელია ჩეხეთში, უნგრეთსა თუ ბულგარეთში, სადაც ატომური ელექტროსადგურები დღემდე საბჭოთა და რუსული ტექნოლოგიებით ფუნქციონირებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირის მიერ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, Framatome-ის გეგმებმა ეკოლოგებსა და სამოქალაქო აქტივისტებში უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. მათ მიაჩნიათ, რომ რუსულ სახელმწიფო კორპორაციასთან თანამშრომლობა ჯაშუშობისა და დივერსიების რისკებს ზრდის.

პროექტი გერმანულმა პარტიებმა და გარემოსდამცველებმა გააკრიტიკეს. „მწვანეთა“ პარტიის ექსპერტმა ატომური ენერგეტიკის საკითხებში, ჰარალდ ებნერმა განაცხადა, რომ ფედერალურ მთავრობას „ხელთ ეჭირა მძლავრი იურიდიული ინსტრუმენტი, რათა „როსატომი“ ქვემო საქსონიაში არ დაეშვა“. მისი თქმით, ამის სანაცვლოდ ბერლინი მოსკოვს საშუალებას აძლევს, „ევროპის საზიანოდ კიდევ უფრო გააფართოოს გეოპოლიტიკური შანტაჟის ბერკეტები“.