1779737742
Der Spiegel: აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს ის სამხედრო რესურსები, რომლებიც კრიზისის დროს ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად არის განკუთვნილი
აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს ის სამხედრო რესურსები, რომლებიც კრიზისის დროს ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად არის განკუთვნილი. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.
„ნატოს ალიანსი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება მაშინ, როდესაც ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შიშობს, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ალიანსი საერთოდ დატოვოს“, - ნათქვამია სტატიაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეები არასაკმარისი სამხედრო დანახარჯების გამო გააკრიტიკა და გერმანიიდან ათასობით სამხედროს გაყვანის პირობა დადო.
ტრამპმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეები ირანთან ომის ფონზე ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საქმეში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. მან აღნიშნა, რომ განიხილავს ნატოს ალიანსიდან გამოსვლას და ეჭვქვეშ დააყენა, არის თუ არა ვაშინგტონი ვალდებული, შეასრულოს ურთიერთთავდაცვის პაქტი.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის წარმომადგენელმა გასული კვირის ბოლოს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებს აღნიშნული გეგმა გააცნო.
ინფორმირებულმა სამმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გასულ კვირას ნატოს მოკავშირეებისთვის იმის შეტყობინებას გეგმავდა, რომ კრიზისის დროს ალიანსისთვის ხელმისაწვდომ სამხედრო შესაძლებლობების რესურსს შეამცირებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ გეგმავს, რომ სტრატეგიული ბომბდამშენების მხოლოდ ნახევარი უზრუნველყოს.
კერძოდ, აშშ-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების რაოდენობა მესამედით შემცირდება.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ასევე ნაკლებ ნაღმოსანს გამოუყოფს ნატოს, ხოლო წყალქვეშა ნავების მიწოდებას ალიანსისთვის აშშ საერთოდ აღარ გეგმავს.
ამ ცვლილებების მიხედვით, ევროპა იძულებული გახდება თავად უზრუნველყოს საკუთარი სადაზვერვო დრონები, მაშინ როდესაც აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს შეიარაღებული მოდელების მიწოდება.











