დედისგან უარყოფილმა სპლიყვმა პირველი მეგობარი იპოვა

სპლიყვი

აშშ-ში, სმიტსონის ზოოპარკში, ინდური სპილოს ნაშიერმა ლინ მეიმ პირველი მეგობარი იპოვა. ამის შესახებ The Washingtonian-ი წერს.

ლინ მეი გახდა პირველი სპლიყვი, რომელიც ზოოპარკში ბოლო 25 წლის განმავლობაში დაიბადა. ის 2 თებერვალს მოევლინა ქვეყანას. თუმცა მალევე დედამ, ნჰი ლინმა, მასზე უარი თქვა, მსგავსი შემთხვევები სპილოებში იშვიათი არ არის.

მიტოვებულ სპლიყვზე ზრუნვა ზოოპარკის თანამშრომლებმა ითავეს. მათ უწევთ ლინ მეიზე დაკვირვება და ყოველ ორ საათში ერთხელ ბოთლით სპეციალური  რძით კვება. „ეს ერთ-ერთი ყველაზე დამქანცველი სამუშაოა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია“, — აღიარა ზოოპარკის სპილოების მთავარმა კურატორმა რობი კლარკმა.

კლარკის თქმით, ლინ მეი უკვე ავლენს თავის ხასიათს. „ის მოუსვენარია. თამამი. თამაშის მოყვარული. ძალიან უყვარს ბანაობა“, - აღწერა მან. მიუხედავად იმისა, რომ სპლიყვმა დედასთან ურთიერთობის დალაგება ვერ მოახერხა, ის სხვა სპილოსთან, 52 წლის სვარნასთან დამეგობრდა. სვარნას არასოდეს ჰყოლია შვილები, თუმცა იცის, როგორ მოექცეს მათ.

სპლიყვის ისტორიამ ბევრს იაპონელი პანჩის ამბავი გაახსენა.

პატარა იაპონური მაკაკა, ინტერნეტვარსკვლავი მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეხუტებოდა ის ძველ, ფუმფულა სათამაშო-მაიმუნს, მას შემდეგ რაც  დედამ მასზე უარი თქვა. პანჩის სხვა მაიმუნებთან შეგუებაც გაუჭირდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგრესიულად ექცევიან მას ზრდასრული მაკაკები. რის შემდეგაც შეშინებული პანჩი დასამალად მის ერთადერთ მეგობართან, სათამაშო ორანგუტანგთან გარბის.

კადრებმა, სადაც ის სათამაშოს ისე ებღაუჭება, როგორც დედას, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია.

მოგვიანებით, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ  პანჩი ზოოპარკში მცხოვრებ სხვა მაიმუნებს დაუმეგობრდა და გართობის ახალი გზა იპოვა. ორანგუტანგიც ნაკლებად უჭირავს ხელში.