CNN: საწვავის მაღალმა ფასებმა და ცხოვრების გაძვირებამ აშშ-ის მომხმარებელთა განწყობა ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა

საწვავი

მიჩიგანის უნივერსიტეტის უახლესი კვლევის თანახმად, აშშ-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მაისში ახალ, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, - წერს ტელეკომპანია CNN.

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ზედიზედ მესამე თვეა მცირდება - იგი 44.2-მდე დაეცა და აპრილში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ მინიმუმზე (49.8) დაბლა აღმოჩნდა.

„ირანში აშშ-ისრაელის ომმა, რასაც მოჰყვა ნავთობის მიწოდების კრიზისი და ფასების შოკი, კიდევ უფრო გააუარესა ისედაც შელახული განწყობები, რომლებიც მანამდე წლების განმავლობაში არსებულმა მაღალმა ინფლაციამ და ცხოვრების გაძვირების კრიზისმა გამოიწვია“, - ნათქვამია სტატიაში.

„ცხოვრების ღირებულება კვლავ პირველხარისხოვან პრობლემად რჩება - მომხმარებელთა 57%-მა თავისთავად აღნიშნა, რომ მაღალი ფასები მათ პირად ფინანსებს აზარალებს, რაც წინა თვის მაჩვენებელთან (50%) შედარებით გაზრდილია“, - აღნიშნა განცხადებაში მიჩიგანის უნივერსიტეტის მომხმარებელთა გამოკითხვების დირექტორმა, ჯოან სუმ.

„მიჩიგანის უნივერსიტეტის მომხმარებელთა განწყობის კვლევა სათავეს 1952 წლიდან იღებს: ამერიკელები ახლა უფრო ცუდად გრძნობენ თავს, ვიდრე ომების, 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის, 11 სექტემბრის ტერაქტების, დიდი რეცესიის, კოვიდ-19-ის პანდემიისა და მას მოყოლილი ინფლაციის მკვეთრი ზრდის პერიოდში“, - აღნიშნავს CNN.