CNN: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც ნიუ იორკის შტატის კაპიტოლიუმის შენობის აფეთქებას გეგმავდა

კაპიტოლიუმი

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც ნიუ იორკის შტატის კაპიტოლიუმის შენობის აფეთქებას გეგმავდა.

„სიენენის“ ცნობით, 35 წლის ჯესიკა ბოუის ბრალი ტერორისტული ორგანიზაციისთვის, „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მატერიალური მხარდაჭერის მცდელობაში წაუყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, ქალი ISIS-ის იდეოლოგიით იყო შთაგონებული და ორგანიზაციის მხარდაჭერა საჯაროდაც გამოუხატავს.

მედიის ცნობით, ბოუი, სავარაუდოდ, კაპიტოლიუმის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანას გეგმავდა და მისი მიზანი შენობის განადგურება და იქ მყოფი სენატორების მოკვლაც იყო. ბრალდების თანახმად, ქალი კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე რამდენჯერმე იმყოფებოდა და შენობას ფოტოებს უღებდა. გამოძიება ასევე ვარაუდობს, რომ თავდასხმის შემდეგ ბოუი სირიაში გაქცევას და ISIS-ის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

ფედერალური ხელისუფლების ინფორმაციით, გამოძიება FBI-მ ჩაატარა და ოპერაციის ფარგლებში აგენტებმა მას გადასცეს ნივთი, რომელიც ბოიუიმ ასაფეთქებელ მოწყობილობად მიიჩნია. ხელისუფლების განცხადებით, მოწყობილობა კონტროლირებადი ოპერაციის ნაწილი იყო და აფეთქება არ მომხდარა.

როგორც ცნობილია, ჯესიკა ბოუიმ ისლამი ხუთი წლის წინ მიიღო და სოციალურ ქსელში ისლამის მხარდამჭერი არაერთი ანგარიში ჰქონდა შექმნილი.