კომოს მერმა ქალაქის ცენტრში ველოსიპედებით გადაადგილება აკრძალა

კომო

იტალიის ქალაქ კომოს მერმა ქალაქის ცენტრში ველოსიპედებით გადაადგილება აკრძალა და განაცხადა, რომ მას „ერთ-ერთი ასეთი მონსტრი“ დაეჯახა.

ალესანდრო რაპინეზემ განაცხადა, რომ აკრძალვა ქალაქის ისტორიულ ცენტრში, დაახლოებით 30 ქუჩაზე გავრცელდება და ის სექტემბრიდან შევა ძალაში. მისივე თქმით, აკრძალვა შეეხებათ როგორც ელექტრო, ასევე ჩვეულებრივ ველოსიპედებს.

„მე მადანაშაულებენ ამ ზომის მიღებაში, რადგან ელექტროველოსიპედით დამეჯახა – ეს ნამდვილად ასეა. ადამიანები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მოქმედებენ და მე ვიცი, რას ნიშნავს, როცა ასეთი მონსტრები დაგეჯახებიან“, – განაცხადა მერმა.

აღსანიშნავია, რომ მერის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა. ადგილობრივმა მოსახლეობამ და სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკის პოლიტიკოსებმა ის „პირად შურისძიებაში“ დაადანაშაულეს.

აქტივისტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს პეტიციისთვის, რომელიც მოითხოვს ამ წესის გაუქმებას და ველოსიპედისტები პროტესტის ნიშნად სექტემბრის შუა რიცხვებში ველოსიპედებით გადაადგილებას გეგმავენ.