CNN: აშშ და ირანი მუშაობენ ბირთვულ საკითხებსა და სანქციებთან დაკავშირებული ფორმულირებების ირგვლივ არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად

ირანი

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ფორმულირებებისა და სანქციების გაუქმების თაობაზე არსებულმა უთანხმოებებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმების საბოლოო სახით ჩამოყალიბება შეაფერხა, თუმცა არსებობს ოპტიმიზმი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შედარებით მალე მოგვარდება, - წერს ტელეკომპანია CNN.

ორშაბათს კატარში ირანის დელეგაციის, მათ შორის თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი წევრების ყოფნა პოზიტიური ნიშანი იყო, აღნიშნა აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა და ხაზი გაუსვა კატარის შესაძლებლობებს შუამავლობის კუთხით.

აშშ ირანისგან მტკიცე ვალდებულებებს ელის, რომ იგი გაანადგურებს მაღალგამდიდრებული ურანის მარაგს და არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა კვირას განაცხადა, რომ ირანი პრინციპულად დაეთანხმა ამ პუნქტებს.

თუმცა, ირანი აცხადებს, რომ იგი არ განიხილავს თავისი ბირთვული პროგრამის დეტალებს და ამ საკითხს მოლაპარაკებების მომავალი რაუნდისთვის ტოვებს.