„ჩემი უფრო ცხარეა...“ - ოჯახურ შეკრებაზე, საჭმლის გამო დაწყებული კამათი მკვლელობით დასრულდა - გამოძიების დეტალები

ლენტა

აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატში ოჯახური შეკრება ტრაგედიით დასრულდა. 22 წლის მამაკაცს საკუთარი 25 წლის ბიძაშვილის მკვლელობაში ედება ბრალი.

პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ბანალური რამ გახდა: რომელი ენჩილადა იყო უფრო ცხარე.

შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა. იმ დღეს ოჯახის წევრები ერთად იყვნენ შეკრებილები, სვამდნენ ალკოჰოლს და მწვანე ჩილის ენჩილადებს ამზადებდნენ. მოგვიანებით საუბარი კამათში გადაიზარდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, 22 წლის მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მის მიერ მომზადებული ენჩილადა უფრო ცხარე იყო, ვიდრე მისი ბიძაშვილის, 25 წლის ნათანიელ კავაზოსის.

კავაზოსი კი, როგორც მოწმეებმა გამომძიებლებს უთხრეს, პასუხობდა, რომ კერძები ერთად იყო მომზადებული და შესაბამისად, მათ შორის განსხვავება არ უნდა ყოფილიყო.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო კამათი თანდათან გამწვავდა. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. პოლიციისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთმა ნათესავმა სიტუაციის განმუხტვა სცადა და ორივე მამაკაცს ურჩია, ცოტა ხნით გასულიყვნენ და დამშვიდებულიყვნენ.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და კავაზოსმა გუტიერესს დაარტყა. გუტიერესმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და კავაზოსს რამდენჯერმე ესროლა. გავრცელებული ცნობების თანახმად, სროლა მაშინ მოხდა, როდესაც კავაზოსი უკვე შორდებოდა ადგილს.

პოლიციამ 25 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვა. მას მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა.

საქმის კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც გამომძიებლების ყურადღება მიიპყრო, არის შეტყობინება, რომელიც გუტიერესმა მკვლელობის შემდეგ Snapchat-ის საშუალებით სხვა ნათესავს გაუგზავნა.

გამოძიების ცნობებით, ის კითხულობდა, ნამდვილად გარდაიცვალა თუ არა კავაზოსი და ამავდროულად ამბობდა, რომ მომხდარი თავდაცვის მიზნით მოხდა.

თუმცა მოწმის ჩვენება მოვლენების ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს - მოწმის განცხადებით, სროლის მომენტში კავაზოსი გუტიერესს საფრთხეს აღარ უქმნიდა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინა. გამოძიების ინფორმაციით, იარაღი სავარაუდოდ თავად კავაზოსს ეკუთვნოდა. მამაკაცი უკვე დაკავებულია. 

ცნობისთვის, ენჩილადა მექსიკური სამზარეულოს პოპულარული კერძია, რომელიც ჩვეულებრივ სიმინდის ტორტილიისგან, ხორცის, ყველის ან ბოსტნეულის შიგთავსისა და ცხარე სოუსისგან მზადდება. ტორტილიაში მოთავსებულ შიგთავსს ახვევენ, ზემოდან სოუსს ასხამენ და შემდეგ აცხობენ.