CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

დონალდ ტრამპ უმცროსი

აშშ-ის პრეზიდენტის შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა ორშაბათს დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი მხრიდან „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CBS News ავრცელებს.

სოციალურ ქსელში მისი პოსტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გამოცემა ProPublica-მ ორშაბათს დილით გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილი ბაჰამის კუნძულებზე ფარულად დააფინანსა პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა“.

ანდერსონმა აღნიშნა, რომ რუსმა ბიზნესმენმა, რომელსაც მან „ჩვენი ძვირფასი მეგობარი“ უწოდა, მათ ქორწილის შემდგომ ორდღიან ზეიმს უმასპინძლა. კრემლიოვი კრივის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა.

ანდერსონმა განაცხადა, რომ უშუალოდ ქორწილი მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. პრეზიდენტი ტრამპი ცერემონიას არ დასწრებია.

„ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა უმარმა უდიდესი გულუხვობა გამოიჩინა და ქორწილის შემდეგ ორ საოცარ წვეულებას უმასპინძლა. ეს იყო მეგობრისგან მიღებული არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერი ვიყავით და ვრჩებით“, - აღნიშნა მან.