ბულგარეთის ელჩი - საქართველო მრავალი წელია, ბულგარეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ბევრი რამით ვართ დაკავშირებული, მაგრამ მეტი გვინდა, გვინდა მეტი საბორნე გემი შავ ზღვაში, მეტი კაბელი, რომელიც ორ ქვეყანას დააკავშირებს

ვესელინ ვალკანოვი

საქართველო უკვე მრავალი წელია, ბულგარეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ბევრი რამით ვართ დაახლოებული და დაკავშირებული, მაგრამ მეტი გვინდა, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.

„გვინდა მეტი საბორნე გემი შავ ზღვაში, მეტი კაბელი, რომელიც ორ ქვეყანას დააკავშირებს. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შავი ზღვა და შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ბულგარეთისთვის, ამიტომ ჩვენ დაინტერესებული ვართ განვითარებით და აზიისა და ევროპის დაკავშირებით“, – აღნიშნა ბულგარეთის ელჩმა.

ბულგარეთის ელჩმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„გამოწვევები ბევრია. დიდი გამოწვევები დაკავშირებულია უსაფრთხოების არასტაბილურობასთან. უკრაინაში ომი ერთ-ერთი ძირითადი მაგალითია. არსებობს პატარა გამოწვევებიც, რომლებსაც ჯიუტს ვუწოდებ, რადგან არ ქრებიან. ისინი დაკავშირებულია ადმინისტრაციულ საკითხებთან, ბიუროკრატიასთან, ციფრულიზაციასთან. ყველა ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, თორემ დერეფანი დაკარგავს თავის მიმზიდველობას“, – აღნიშნა ვესელინ ვალკანოვმა.

ვალკანოვის განმარტებით, ეს შეეხება ზოგადად რეგიონს.

„რეგულარულად ვმგზავრობ მანქანით ამ დერეფანში და ვხედავ პოზიტიურ ცვლილებებს, მაგრამ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა.