მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ქარიშხლიანი უღელტეხილის მორიგ ეკრანიზაციას შეგვიძლია ცალი თვალი შევავლოთ. კინოკომპანია Warner Bros.-მა რეჟისორ ემერალდ ფენელის ფილმის ტრეილერი სულ ახლახან გაავრცელა.
წუთნახევრიან ვიდეოში ჰითკლიფად მოვლენილი ჯეიკობ ელორდისა და მარგო რობის განსახიერებული ქეთრინ ერნშოუს ინტიმურ სცენებს ვხედავთ. მეტიც, მხოლოდ ტრეილერში ნაჩვენებმა ეროტიკულმა ეპიზოდებმა ბევრს გრეის ორმოცდაათი ელფერი მოაგონა: "ბრონტეს ორმოცდაათი ელფერი", "არ მეგონა, რომ ქარიშხლიანი უღელტეხილი გრეის ორმოცდაათი ელფერის ფრენჩაიზის მეოთხე ფილმი იყო", "გრეის ორმოცდაათი ელფერი: მე-19 საუკუნის ვერსია", - ასეთი კომენტარები მოჰყვა ვიდეოს იუთუბზე.
ქარიშხლიანი უღელტეხილის ამ ახალი კინოადაპტაციის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ემერალდ ფენელია, რომლის წინა ნამუშევარს, Saltburn-ს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვათა შორის, ტრეილერმა ზოგიერთს სწორედ ფენელის ეს ბოლო ფილმი მოაგონა. მსგავსი ასოციაციები ჯერ კიდევ საცდელი ჩვენების შემდეგ გაჩნდა, როცა ქარიშხლიანი უღელტეხილის ეკრანიზაციას "მანერული უხამსობა" უწოდეს და "აგრესიულად პროვოკაციულად" მონათლეს.
ფენელის ფილმმა უარყოფითი შეფასებები საცდელ ჩვენებამდეც დაიმსახურა. მაყურებელთა ნაწილი შერჩეული მსახიობებით უკმაყოფილო იყო: მათი აზრით, 35 წლის მარგო რობის 18 წლის ქეთრინ ერნშოუს როლის შესასრულებლად ასაკი არ უწყობდა ხელს, ავსტრალიელ ჯეიკობ ელორდის კი — წარმომავლობა, რადგან მისი პერსონაჟი, ჰითკლიფი, ბოშად მიიჩნევა. თუმცა, პროექტის ქასთინგ მენეჯერი კარმელ კოქრეინი ამტკიცებს, რომ ფილმის პირველწყარო, "უბრალოდ, წიგნია" და სიზუსტე "საჭირო არ არის".
"ინგლისური ლიტერატურის ბევრი ფანი უკმაყოფილო იქნება", — აღნიშნავს კოქრეინი, — "თქვენ სასცენო დეკორაციები უნდა ნახოთ, ეს კიდევ უფრო შოკისმომგვრელია".
ქარიშხლიანი უღელტეხილის პრემიერა 2026 წლის ვალენტინობის დღისთვის იგეგმება. აღსანიშნავია, რომ $150-მილიონიანი წინადადების მიუხედავად, ნეტფლიქსს ფილმი არ ერგო — პროდიუსერებმა, მათ შორის, მარგო რობიმ, კინოდისტრიბუცია და მარკეტინგული კამპანიის ჩატარება Warner Bros.-ს მიანდვეს. კომპანიამ ფილმზე უფლებები $80 მილიონის სანაცვლოდ მიიღო.