ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი: შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია

ბრიტანეთი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა არგენტინის ნაკრების მიერ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული ბანერის გამოყენებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა. ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოედანზე გამოიტანეს ბანერი, რომელზედაც ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული პოლიტიკური გზავნილი იყო დატანილი. კერძოდ, წარწერა: „მალვინის კუნძულები არგენტინაა“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა: „შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია. ჩვენი პოზიცია უცვლელია და ფოლკლენდელების მიმართ ჩვენი ვალდებულება ურყევია“.

პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მხარი დაუჭირა ბიზნეს მდივნის, პიტერ კაილის მოწოდებას, რომ FIFA-მ საფუძვლიანად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი. საქმე ეხება ფეხბურთის მმართველი ორგანოს წესების შესაძლო დარღვევას, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის პოლიტიკური გზავნილების ან სლოგანების გამოყენებას მოედანზე.

დაუნინგ-სთრითის წარმომადგენლის თქმით, ნებისმიერი შემდგომი დისციპლინარული ღონისძიება FIFA-ს გადასაწყვეტია.