1779191900
ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში მაღაროელთა საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში მაღაროელთა საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მედიის ცნობით, ადგილობრივი მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და საწვავზე უკეთეს წვდომას, ასევე კონტრაქტების გადახედვას და სამთო რეგულაციების აღსრულებას ითხოვდნენ. მომიტინგეთა დიდ ნაწილს მაღაროელები შეადგენდნენ, თუმცა მათ ფერმერები და სხვა სფეროებში დასაქმებულებიც შეუერთდნენ.
აქტივისტებსა და პოლიციას შორის არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც მაღაროელები მთავრობის სასახლისკენ გაემართნენ და პრეზიდენტ როდრიგო პასის გადადგომა მოითხოვეს. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორი დააკავეს და მას არეულობის მოწყობის გამო ტერორიზმის მუხლით წაუყენეს ბრალი. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, აქციების დროს დაახლოებით 100 მომიტინგე დააკავეს.
ცნობისთვის, როდრიგო პასი ბოლივიის პრეზიდენტი ექვსი თვის წინ გახდა. როგორც „როიტერი“ წერს, ბოლივიაში ეკონომიკური კრიზისია, რაც წარმოების შემცირებით და საწვავის დეფიციტით არის გამოწვეული. მედიის ცნობით, ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმეა. აპრილში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 14 პროცენტს მიაღწია.









