ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი

ავიაკატასტროფა

ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბოლივიის საჰაერო ძალების Hercules C-130-ის ტიპის თვითმფრინავი დედაქალაქ ლა-პასთან ახლოს, ელ-ალტოში ხალხმრავალ გზატკეცილზე ჩამოვარდა და ავტომობილებს შეეჯახა.

ბოლივიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟის 6 წევრიდან ორს ჯერ კიდევ ეძებენ.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ქალაქ სანტა-კრუსიდან ახალი ბანკნოტები გადაჰქონდა, დაფრენისას ასაფრენ ბილიკს გასცდა და გზატკეცილზე გადავიდა. შედეგად დაზიანებულია თვითმფრინავი და სულ მცირე 15 ავტომობილი, რომელიც შემთხვევის დროს გზაზე იმყოფებოდა.

სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გზატკეცილზე მიმოფანტული ფულის აკრეფის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი გამოვიდა, რამაც სამაშველო სამუშაოები შეაფერხა.

500-ზე მეტმა ჯარისკაცმა და 100-მა პოლიციელმა ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.