ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება 2027 წლისთვის
1789069590
არქტიკაში მდებარე რუსულ გაზის ობიექტებზე უკრაინის უპრეცედენტო იერიშებმა რუსეთის ენერგოსექტორის ახალი სუსტი წერტილები და გლობალური გაზის ბაზრისთვის მოსალოდნელი საფრთხეები გამოკვეთა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
გამოცემის ცნობით, ოთხშაბათს, უკრაინულმა დრონებმა 3 200 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს იმ ორი ქარხნის დასაბომბად, რომლებიც გაზის კონდენსატს ნავთობპროდუქტებად გადაამუშავებენ.
აღნიშნული საწარმოები ჩრდილოეთ პოლარული წრის სამხრეთით, იამალის რეგიონში მდებარეობს, სადაც რუსული ბუნებრივი გაზის დაახლოებით 80% მოიპოვება.
ამ თავდასხმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს.
ეტალონური გაზის ფასმა, რომელიც ირანთან კონფლიქტის ფონზე ისედაც იზრდებოდა, ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 80 ევროს მეგავატ-საათში.
ევროპულ ბაზრებზე ერთ-ერთ მთავარ საფიქრალს „იამალ-სპგ“-ზე - რუსეთის თხევადი ბუნებრივი გაზის უმსხვილეს ქარხანაზე - შესაძლო იერიში წარმოადგენს. 1-ლი იანვრიდან მასზე იმპორტის აკრძალვა გავრცელდება, თუმცა მანამდე ქარხანა ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაგრძელებას შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ევროპაში გაზის ექსპორტი შემცირდა, ის კვლავ ფარავს კონტინენტის გაზის მოთხოვნის დაახლოებით 10%-ს.
ამ მოცულობის ნახევარი თხევად ბუნებრივ გაზზე მოდის, ხოლო დარჩენილი ნაწილი „თურქული ნაკადის“ გაზსადენით მიეწოდება, რომლის მეშვეობითაც დასავლეთ ციმბირის საბადოების გაზი შავი ზღვის გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შედის.