1787905771
ბალტიის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნები დრონებისგან თავდაცვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავენ - გერმანიის შს მინისტრი
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნები დრონებისგან თავდაცვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავენ. ამის შესახებ დობრინდტმა ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში ბალტიის ზღვის რეგიონის ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრამდე განაცხადა.
დობრინდტის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია ქვეყნებს შორის ინფორმაციის სწრაფი გაცვლის შესაძლებლობის შექმნა.
„უცხო ძალები ყოველდღიურად ცდილობენ, თავს დაესხნენ და შეარყიონ დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკური სიძლიერე ევროკავშირში“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მსგავსმა თავდასხმებმა „მომდევნო თვეებში, შესაძლოა, ახალ მასშტაბებს მიაღწიოს“, ხოლო ჰიბრიდული საფრთხე „ყველგან არსებობს“.
ცნობისთვის, ბალტიის ზღვაში 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წყალქვეშა კაბელებსა და მნიშვნელოვან გაზსადენებთან დაკავშირებული სავარაუდო დივერსიის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.










