ავსტრია 14 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

ავსტრია

ავსტრიის მთავრობამ ბავშვთა ონლაინ დაცვის ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც 14 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. ეს შეზღუდვა სავალდებულო გახდება ისეთი პლატფორმებისთვის, როგორებიცაა Instagram-ი, TikTok-ი და Snapchat-ი.

ქვეყნის ვიცე-კანცლერმა, ანდრეას ბაბლერმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები ბავშვებში ამახინჯებს წარმოდგენებს გარეგნობაზე, ძალადობის ნორმალიზაციას უწყობს ხელს და სავსეა დეზინფორმაციით. მისი თქმით, დიდი პლატფორმები არ ზღუდავენ მავნე კონტენტს და მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. შესაბამისი კანონპროექტის მომზადება ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.

პარალელურად, ავსტრიის სკოლებში იგეგმება საგნის - „მედია და დემოკრატია“ შემოღება, სადაც ბავშვებს ყალბი ამბების ამოცნობასა და რადიკალიზაციის პრევენციას ასწავლიან.

არასრულწლოვანებისთვის ციფრული პლატფორმების შეზღუდვაზე სხვა ქვეყნებიც აქტიურად მუშაობენ. ავსტრალიაში კი 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალათ.