„ატლანტიკი“: პენტაგონი შესაძლოა, ტრამპს ომზე სრულ სურათს არ აცნობდეს, დახურულ შეხვედრებზე ვენსმა არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ომის სამინისტროსგან ირანზე მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა

ვენსი

პენტაგონი შესაძლოა, ტრამპს ომის შესახებ სრულ სურათს არ უყვებოდეს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ატლანტიკი“. გამოცემის თანახმად, დახურულ შეხვედრებზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ომის სამინისტროს მიერ ირანთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა და ამერიკული რაკეტების მარაგების საკითხი დასვა.

„ატლანტიკის“ თანახმად, ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა პენტაგონის მიერ ომის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეში.

ვენსმა ასევე გამოთქვა შეშფოთება გარკვეული სარაკეტო სისტემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს.

„საბრძოლო მასალის მარაგების მკვეთრი შემცირების შედეგები პოტენციურად სავალალოა: აშშ-ს ძალებს იგივე მარაგებიდან მოუწევთ საბრძოლო მასალის გამოყენება, რათა დაიცვან ტაივანი ჩინეთისგან, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეისგან და ევროპა რუსეთისგან“, – წერია სტატიაში.

ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა და გენერალმა დენ კეინმა, რომელიც გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეა, საჯაროდ განაცხადეს, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი საკმაოდ დიდია.