1756145280
აშშ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ზურგს გაუმაგრებს, თუმცა დეტალებზე ჯერ არ გვიმსჯელია - დონალდ ტრამპი

აშშ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ზურგს გაუმაგრებს, თუმცა დეტალებზე ჯერ არ გვიმსჯელია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რადგანაც ამ დეტალებზე დისკუსია არ გვქონია. ვნახოთ, რა მოხდება. უპირველესი ისაა, რომ ევროპა უკრაინას მისცემს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც ისინი იქვე არიან, მაგრამ ჩვენც ვიქნებით ჩართულები. ჩვენ ვიქნებით ზურგის გამაგრების თვალსაზრისით, ჩვენ მათ დავეხმარებით. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას და მგონია, რომ მივაღწევთ, მაშინ ჩვენ არ გვექნება პრობლემა, ჩვენ ამას ზურგს გავუმაგრებთ, რადგანც მე მინდა, ვიხილო, რომ ადამიანების მკვლელობები შეწყდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, როდესაც ჯო ბაიდენი იყო თეთრ სახლში, მან უკრაინაზე გასცა 350 მილიარდი დოლარი.
„350 მილიარდი დოლარი უკრაინას. მე მაშინ ვთქვი, რომ ზელენსკი ყველაზე მაგარი ვაჭარია, რადგანაც ის ჩამოდიოდა აქ და სამშობლოში 50 მილიარდი დოლარით ბრუნდებოდა. ერთხელ 100 მილიარდიც კი წაიღო ერთ ჩამოსვლაზე. მე კი მივიღე ტრილიონი დოლარის ღირებულების იშვიათი მეტალები, რადგანაც მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს ამერიკელი გადასახადების გადამხდელების გამო. მე ასევე სხვა რაღაც გავაკეთე NATO-ს სამიტზეც. NATO-ს წევრები მდიდარი ქვეყნები არიან, მაგრამ ისინი არ იხდიდნენ. ახლა ჩვენ უკრაინას ფულს საერთოდ არ ვუხდით, იცით? სინამდვილში, ახლა პირიქითაა. ისინი NATO-ს გავლით ითხოვენ, ჩვენ საქმე გვაქვს NATO-სთან და არა უკრაინასთან. NATO ითხოვს რაკეტებს, მათ უნდათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, „პეტრიოტების“ რაკეტები. ჩვენ მათ ვაძლევთ რაკეტებს, ნატო წინსწრებით გვიხდის ფულს და აკეთებს იმას, რაც სურს. რომ დავუბრუნდეთ 350 მილიარდი დოლარის საკითხს, რომელიც ჩვენ უკრაინას მივეცით. ეს ფული რომ არ მიგვეცა, და ასევე მე ვიყავი, ვინც უკრაინას გადასცა „ჯაველინები“, რომლებიც ძალიან ეფექტური იყო. ისინი ასე ამბობენ, ობამამ მოგვცა ზეწრები და ტრამპმა „ჯაველინები“. იმის თქმა მინდა, რომ მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ომი არ იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.