აშშ-მა ირანულ ნავთობზე სანქციები ორი თვით შეამსუბუქა

ნავთობი ირანში

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები ორი თვით, 21 აგვისტომდე შეამსუბუქა.

მედიის ცნობით, დეპარტამენტმა შესაბამისი ლიცენზია უკვე გამოსცა, რომლის ფარგლებშიც ირანი ნავთობის ექსპორტის განხორციელებას შეძლებს. როგორც ცნობილია, გენერალური ლიცენზია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების აშშ-ში იმპორტს მოიცავს.

„შვეიცარიაში მიმდინარე პროდუქტიული მოლაპარაკებების შესაბამისად, ირანმა უზრუნველყო ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და ღია ტრანზიტი. ამასთან, ის დაუშვებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების ქვეყანაში შესვლას. ამ ჩარჩოს ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრომ გასცა დროებითი, 60-დღიანი ზოგადი ლიცენზია, რომელიც ირანული ნავთობის წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის ავტორიზაციას ახდენს“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

გასულ კვირას ვაშინგტონსა და თეირანს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, შეერთებული შტატები დათანხმდა ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ნაწარმის ექსპორტზე, ასევე, ყველა მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, მათ შორის საბანკო ტრანზაქციებზე, დაზღვევასა და ტრანსპორტირების ექსპორტზე შეღავათების გაცემას.