აშშ-მა და მის პარტნიორმა ძალებმა სირიაში დარტყმების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ 25 ოპერატიული წევრი მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს - აშშ-ის სამხედრო ძალები

აშშ-ის სამხედრო ძალები

აშშ-მა და მის პარტნიორმა ძალებმა სირიაში განხორციელებული დარტყმების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ 25 ოპერატიული წევრი მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, 19 დეკემბერს ამერიკელ პერსონალზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით სამიზნეზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) და მისმა პარტნიორებმა სირიაში 20-29 დეკემბერს ჩატარებული 11 მისიის ფარგლებში ISIS-ის, სულ მცირე, შვიდი წევრი მოკლეს და დანარჩენები ტყვედ აიყვანეს“, – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

მისიის ფარგლებში ასევე განადგურდა ISIS-ის იარაღის ოთხი სამალავი.