აშშ-ის ყოფილ ელჩს ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

აშშ-ის ყოფილ ელჩს ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

ბოლივიაში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ვიქტორ მანუელ როჩას, ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნული საქმე აღწერა, როგორც აშშ-ის სამთავრობო უწყებებში უცხოური აგენტების შეღწევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი შემთხვევა.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიქტორ მანუელ როჩას, რომელიც 2000 წლიდან 2002 წლამდე ბოლივიაში აშშ-ის ელჩი იყო, ბრალი ედება რამდენიმე ფედერალურ დანაშაულში, მათ შორის არალეგალურ უცხოელ აგენტად მოქმედებასა და თაღლითურად მოპოვებული პასპორტის გამოყენებაში.

"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიქტორ მანუელ როჩა მოქმედებდა კუბის მთავრობის აგენტად. მისი თანამდებობები აშშ-ის მთავრობაში მას საშუალებას აძლევდა, ჰქონოდა წვდომა არასაჯარო ინფორმაციაზე და გავლენა მოეხდინა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე", - ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებაში.

როჩა სახელმწიფო დეპარტამენტში 1981 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა. 1994-1995 წლებში ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა, ხოლო 2006-2012 წლებში - აშშ-ის სამხრეთ სარდლობის მეთაურის მრჩევლად.

სასამართლო დოკუმენტში ნათქვამია, რომ როჩას ბრალად ედება 1981 წლიდან კუბის მთავრობის ფარულად მხარდაჭერა და სადაზვერვო მონაცემების შეგროვება და აღნიშნულია, რომ მისი ქმედებები მიმართული იყო შეერთებული შტატების წინააღმდეგ.